ჰოი ღმრთივგვირგვინოსანნო მოწამენო ქრისტეისნო, ახოვნად მოთმინენო, მხედარნო დიდ-სახელნო, ბრძოლათა შინა უძლეველო დავით და ჭირთა შინა ურცხვენელო, მხნეო კონსტანტინე, მვედრებელთა თქუენთა მსწრაფლშემწენო და წყალობისა მომნიჭებელნო, არგუეთისა ბრწყინვალენო მთავარნო! ჰოი ბრწყინვალენო და დიდნო სამკაულნო მოწამეთანო, დავით აელვებულითა უძლეველითა ღუაწლითა ბრწყინვალეო და კონსტანტინე მტკიცეო ვნებათა შინა გონებითა! მოგვიხსენეთ წინაშე ღმრთისა და ელვარებითა სიწმიდისა თქუენისაითა დაშრიტეთ საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოი იგი უშჯულოებისაი და დაგვიფარეთ მწვალებელთა შესაკრებელისაგან, რომელ არს „საძაგელი მოოხრებისაი“, მოგუმადლეთ ძლევაი მათ ზედა და დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი ქრისტეის ღმრთისაგან, ხოლო სარწმუნოებაი იგი ჩუენი ქრისტეის მიმართ კუალად განაახლეთ, რამეთუ აღვირიენით ერთა უცხოთა რჯულთა, განდგომილთა ქრისტეისგან, რომელთაგან ვისწავეთ საქმენი მათნი და ვჰმონებთ გულის თქუმასა გულთა ჩუენთასა მიბაძვითა მათითა, ვითარცა დამვიწყებელნი საუკუნოისა ცხორებისანი. კუალად მოგუმადლეთ მოუკლებელი სიყუარული ღმრთისა, მეფისა და მამულისაი და აღგვიდგინეთ რქაი ცხებულობისაი. განაძლიერეთ მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი მამაი ჩვენი ილია, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღვდელონი და სამონოზნო წესნი, მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, მრავალშემძლებელითა ძალითა თქუენითა განაძლიერეთ ქრისტეისმოყუარე მხედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მოსახელენი და მვედრე-ბელნი თქუენნი ადიდენით. ევედრეთ, ყოვლადბრწყინვალენო მარტვილნო, თქუენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაითა მოგუანიჭოს მადლი და წყალობაი თვისი აურაცხელი.
ჰოი მოწამეთა და მოღუაწეთა შუენიერებანო, ჩუენო საწურთელნო და ბრწყინვალებანო, მეუფისა მრავალნაყოფიერო ნამუშაკევნო, დავით დიდო მნათობო სოფლისაო და კონსტანტინე ჭურო სიმხნისაო! ღმრთივდიდებულითა საკვირველებითა და ნიშებ-სასწაულითა თქუენითა განათავისუფლეთ ტყუენი, განჰკურნეთ უძლურნი, იხსენით განსაცდელსა შინა მყოფნი, განარინეთ ზღუასა შინა მავალნი, მოაქციეთ ცოდვილნი და შეაწყნარეთ ქრისტესა ღმერთსა, ყოველთა შემწყნარებელსა, ხოლო ყოველნი მადიდებელნი წმიდისა სახელისა თქუენისანი ადიდეთ და აღამაღლეთ სულითა და ხორცით, რაითა სასუფეველისა დიდებასა და დიდადშუენიერსა ბრწყინვალებასა ღმრთისასა ღირს ვიქმნნეთ ყოველნი, ანგელოზთა თანა უგალობდეთ, წმიდათა თანა ვადიდებდეთ და თქუენ თანა გვირგვინოსანნი ვაკურთხევდეთ თქუენსა გვირგვინოსანმყოფელსა მამასა, თქუენსა განმაძლიერებელსა ძესა და თქუენ შორის მეტყველსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

დასაწყისი

 

Opera-ს, Firefox-ს, Google Chrome-ს და მსგავსი ბროუზერების მომხმარებლებმა გთხოვთ გადმოიწეროთ და ჩააყენოთ BPG Glaho შრიფტი